სექტემბრიდან, საქართველოს 5 სკოლის დაწყებით კლასებში პროგრამირებას ისწავლიან
სექტემბრიდან საქართველოს 5 სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები, პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან. სწავლება 25 ქვეყანაში აღიარებული წიგნით – „გამარჯობა რუბი“ მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
„გამარჯობა რუბი“ – არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.
სექტემბრიდან, განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში შერჩეული 3 საჯარო და ასევე, 2 კერძო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს დაეუფლებიან. „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლება ქალაქ საგარეჯოს # მე-2, ქალაქ რუსთვის # მე-4 და თბილისის # 71-ე საჯარო სკოლებში კლუბების სახით, ხოლო „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლებში, სასწავლო გეგმის ფარგლებში დაინერგება.
„გამარჯობა რუბის“ წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ნიუ-იორკის სკოლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწორედ ამ წიგნებით სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს.
„გამარჯობა რუბის“ წიგნების სერიის ავტორი 33 წლის ფინელი პროგრამისტი ლინდა ლიუკასია, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა“ 2018 წელს ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დაასახელა, ხოლო ევროკომისიამ, ფინეთის ციფრული ჩემპიონი უწოდა. დღეს ლინდა ლიუკასმა 60-მდე ქართველ მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.
საინტერესო სტატიები გამოგიქვეყნებია. ძალიან მომეწონა აგრეთვე შენი ბლოგის დიზაინი.ყოჩაღ!
ReplyDelete