ღონისძიებები

Sunday, June 16, 2019

23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დავაწესოთ“ – გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივა

„23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დავაწესოთ“ – გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივა

ინიციატივა, 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დაწესდეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძესა და „ანაგრამას“ ეკუთნის. #აჩუქეწიგნი – ეს კამპანიის მთავარი გზავნილია. 

ინიციატივის მთავარი მიზანი, ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა.
გიორგი კეკელიძე
„23 აპრილს, მსოფლიოში, წიგნთან და წიგნიერებასთან ​რამდენიმე მოვლენა ერთად არის დაკავშირებული: ეს არის წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე, შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღე. ვიფიქრეთ, იქნებ, სწორედ ამ დღეს დაგვეწესებინა ძალიან ძვირფასი და თანაც, მარტივი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. ამ ინიციატივის მიზანია წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია. ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი ფუნქციაც ხომ სწორედ ეს არის“, – ამბობს გიორგი კეკელიძე.

„ანაგრამაში“ ამბობენ, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია.
თაკო როდონაია
„ჩვენთვის, „ანაგრამელებისთვის“ ასეთი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ განათლების საკითხი უმთავრესი პრობლემაა ქვეყანაში და ამ მიმართულებით მრავალმხრივი მუშაობა აუცილებელია. ცხადია, ეს ინიციატივა სიმბოლური აქტივობაა, რომლითაც გვინდა სახალისო ფორმით შევახსენოთ ადამიანებს, რომ ხანდახან მაინც, ასეთი საჩუქრის გაკეთება სასარგებლოა და რომ ერთი ნაჩუქარი წიგნი ბევრი ახალი აღმოჩენის მიზეზადაც შეიძლება იქცეს“, – ამბობს თაკო როდონაია. 
23 აპრილამდე კი, ინიციატივის ავტორები, საზოგადოებას, სპეციალურ კამპანიას სთავაზობენ.
„მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ, გზავნილით #აჩუქეწიგნი“ – ამბობს გიორგი კეკელიძე. 

No comments:

Post a Comment